მეფუტკრეობის დარგის განვითარების და თაფლის წარმოების ხელშეწყობის საკითხებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა

ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის განვითარების და თაფლის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის MercyCorps კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ ვრცლად ისაუბრა მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიზნით შემუშავებულ სახელმწიფოს პროგრამებზე, ასევე, თაფლის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმისათვის, რომ ქართული თაფლი კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო ბაზარზე და გაიზარდოს ექსპორტი, მნიშვნელოვანია განვითარდეს თაფლის წარმოების სრული ჯაჭვი, გამსხვილდეს წარმოება, შეიქმნას მეფუტკრე ფერმერთა მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი გარკვეულწილად შეცვალა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობას სამინისტრო აქტიურად განაგრძობს. ონლაინ გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორისო ორგანიზაციის MercyCorps პროექტის კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლებმა მათ მიერ შემუშავებულ თაფლის ლაბორატორიული ანალიზების თანადაფინანსების სქემა წარმოადგინეს და მის ეკონომიკურ შედეგებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში არსებული ახალი რეალობის გათვალისწინებით, სამინისტროს წარმომადგენლები განიხილავენ კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენელთა ინიციატივის მხარდაჭერის შესაძლებლობებს. მიღებულ გადაწყვეტილებას მომდევნო შეხვედრაზე განიხილავენ.

ონლაინ შეხვედრაში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანიც მონაწილეობდა.

Comments
Loading...