მეცნიერებმა 100 მილიონი წლის მიკრობები “გამოაღვიძეს”

მკვლევრებმა 100 მილიონი წლის წინანდელი პაწაწინა მიკრობები წარმატებით "გააღვიძეს". ისინი ზღვის ფსკერზე, ერთი შეხედვით უსიცოცხლო ზონაში იყვნენ დატყვევებულები.

ამერიკელი და იაპონელი მეცნიერების გუნდს აინტერესებდა, შეუძლია თუ არა სიცოცხლის მიკროსკოპულ ფორმებს წყნარი ოკეანის ფსკერზე, სასიცოცხლოდ ნაკლებად ვარგის პირობებში გადარჩენა.

მათ კითხვაზე პასუხი კი ასეთია: 100 მილიონი წლის წინ ოკეანის ფსკერზე გაჭედილი მიკრობები შესაფერისი საკვებისა და ცოტა ჟანგბადის მიწოდების შედეგად გამოცოცხლდნენ. ფსკერზე მიკრობები უზარმარზარ წნევას განიცდიან, მათ ასევე არ აქვთ ჟანგბადი, სიცოცხლისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები და არც ენერგიის მარაგი.

როგორც წესი, როდესაც სიცოცხლე მაღალი წნევის მქონე გარემოში ხვდება, მილიონი წლის შემდეგ მისგან მხოლოდ ნამარხი რჩება, მაგრამ ეს მიკრობები ერთობ ცოცხლად გამოიყურებიან.

“ჩვენ ვიცოდით, რომ კონტინენტებთან ახლოს, სადაც ძალიან ბევრი დამწვარი ორგანული ნივთიერებაა, ღრმად, ნალექებში სიცოცხლე არსებობდა. მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სიცოცხლე ოკეანეში გაცილებით ღრმადაც ნარჩუნდება”, — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა სტივენ დონტმა.

ის მიწა, სადაც მიკრობები იყვნენ დაჭერილები, 2010 წლის ექსპედიციის დროს, ავსტრალიის აღმოსავლეთით, უსიცოცხლო ზონიდან მოიპოვეს. ექსპედიციისას მკვლევრები საბურღ გემზე, JOIDES Resolution-ზე იმყოფებოდნენ. გუნდმა მოპოვებული ნარჩენებისგან ნიმუშები გამოყო, რათა ენახათ, აღიდგენდნენ თუ არა დასუსტებული მიკრობები ენერგიას და შეძლებდნენ თუ არა საკუთარი თავების გამოკვებასა და გამრავლებას.

უძველეს მიკრობებს ჟანგბადი მიაწოდეს და ნახშირბადითა და აზოტით მდიდარი ნივთიერებით გაუმასპინძლდნენ. ხოლო შემდეგ დალუქეს და მხოლოდ 18 თვის, 6 კვირისა და 21 დღის შემდეგ გახსნეს. მკვლევრებმა ამ მეთოდით უძველესი მიკრობების 99%-ის გამოაღვიძება შეძლეს.

“თავდაპირველად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ 100 მილიონი წლის წინანდელი მიკრობები ისევ ცოცხლები იყვნენ”, — განაცხადა კვლევის ავტორმა, იუკი მორონომ.

ოკეანის ფსკერი ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც მიკრობებმა საკუთარი სიძლიერის დამტკიცება და გადარჩენა შეძლეს — მეცნიერებს ცოცხალი მიკრობები ისეთ მკაცრ პირობებშიც კი უპოვიათ, როგორიც ანტარქტიდაში და ძალიან მშრალ უდაბნოებშია.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: On.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.