მთავრობა და ბანკები, საპენსიო რეფორმის საფარქვეშ, უსინდისოდ ცდილობენ მილიარდების ხელში ჩაგდებას

“გირჩის” დამფუძებელმა ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.

“არანაირი სიბერეზე ზრუნვა, არანაირი გრძელი ფული, ეს ყველაფერი არის უსინდისო ტყუილები. თქვენს შვილებს მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ ამ ვალების გასტუმრება საკუთარი გადასახადებით. ამავე დროს არ არსებობს არანაირი პენსიის მიღების ან ფულის უკან დაბრუნების გარანტია. ნუ მოატყუებინებთ თავს მთავრობას და ბანკებს”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

“2019 წლისთვის საშემოსავლო გადასახადის მოცულობა, რომლის მობილიზება შესაძლებელი იქნება დღევანდელი განაკვეთით, საქართველოს ბიუჯეტში არის დაახლოებით 3 მილიარდი ლარი. მთავრობისა და ბანკების მიერ შემოთავაზებული, მსხვილი ბიზნესის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი სავალდებულო საპენსიო სისტემა გულისხმობს დღეს დასაქმებულების სახელფასო შემოსავლების 6%-ის გაშვებას სპეციალურ სახელმწიფო ფონდში.

რადგან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის 20%, 2019 წელს როდესაც სავალდებულო დაგროვებითი სახელმწიფო სისტემა გაშვებული იქნება, სპეციალურ ფონდში თავს მოიყრის დაახლოებით 900 მილიონი ლარი. ანუ დაახლოებით ერთი მილარდი.

ხელისუფლების მიერ მიღებული შესაბამისი კანონის მიხედვით, რეფორმის ამოქმედებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში საპენსიო ფულის დაბანდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. აქედან უცხოეთში განთავსების მაქსიმალური ზღვარი ნაკლებად რისკიანი პორტფელისთვის არის დაახლოებით 20%. ანუ 2019 წელს მობილიზებული 900 მილიონიდან უცხოეთში შეიძლება გავიდეს მხოლოდ და მხოლოდ 180 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი 720 მილიონი ლარი უნდა ჩაიდოს საქართველოში.

ესეც არის განსაზღვრული კანონით, თუ როგორ – აქედან 144 მილიონ ლარამდე შეიძლება ჩაიდოს ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში. აქ ძალიან ნათლად ჩანს ქართული მსხვილი ბიზნესის ინტერესი, 720 მილიონი ლარიდან 100%-ივე შეიძლება ისესხოს მთავრობამ შიდა ვალის სახით.

აქ ჩანს მთავრობის ინტერესი –  მთავრობას რომ აქვს ინტერესი აიღოს შიდა ვალები, ეს ჩანს წინა წლების გამოცდილებიდანაც.

2013 წლიდან მოყოლებული დღემდე 2018 წლის ჩათვლით დაგეგმილი შიდა ვალის ჯამური მოცულობა უკვე არის 2 მილიარდ 218 მილიონი ლარი.

675 მილიონ ლარამდე ანუ 75%-მდე შეიძლება განთავსდეს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე. ადვილი წარმოსადგენია რა მასშტაბებზე გავლენ ისინი თუ ეს სისტემა იმუშავებს 30-40 წლის განმავლობაში.

არანაირი სიბერეზე ზრუნვა, არანაირი გრძელი ფული, ეს ყველაფერი არის უსინდისო ტყუილები. თქვენს შვილებს მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ ამ ვალების გასტუმრება საკუთარი გადასახადებით. ამავე დროს არ არსებობს არანაირი პენსიის მიღების ან ფულის უკან დაბრუნების გარანტია. ნუ მოატყუებინებთ თავს მთავრობას და ბანკებს”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

Comments
Loading...