მთავრობა იტალიასთან ფრენების შეჩერებას განიხილავს

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვანო მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მთავრობა, იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხს განიხილავს.

” არ დაგიმალავთ, რომ განხილვის საგანია, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, მათ შორის ფრენების შეწყვეტის საკითხი, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია, თუმცა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ,ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკები მაინც დარჩება, შეიძლება სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ.

თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, მაშინ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები. ძალიან ძვირი ფასი იქნება გადახდილი და ჩვენ ასევე ამას ვუყურებთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები, რა პრაქტიკაა იქ, როგორ იცავენ თავს, რამდენად ძლიერია კონტროლი საზღვრებზე და გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ უკვე აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ასე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ რომ, დღეს, საქართველოში, ახალი კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა-წყარო იტალია

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეორე შემთხვევა კი, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 წლის ქალს დაუდასტურდა.

მესამე დადასტურებული შემთხვევის შემთხვევაში არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა ისტორია ირანში მოგზაურობის.

Comments
Loading...