მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივების პროგრამას იწყებს

მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში მევენახეობის ხელშეწყობის მიზნით, მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივების პროგრამას იწყებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“დღეს მთავრობის სხდომაზე წარვადგინეთ პროექტი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მორიგი პროგრამა, რომელიც მიზნად მევენახეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ეს პროექტი საქართველოში 2017 წლიდან არსებობს. ჩვენ გარკვეული მოდიფიკაციები შევიტანეთ და მივეცით საშუალება მაღალმთიან რეგიონებში და ისეთ დასახლებებში, სადაც არც თუ ისე განვითარებულია მევენახეობა, რომ მათ მივცეთ სტიმული და ჩამოვაყალიბოთ მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივები და გადაამუშაონ თავიანთი მოყვანილი პროდუქცია, ყურძენი და აწარმოონ, მაღალი ხარისხის ღვინოები.

რეგიონებში ვიზიტისას, შეხვედრების დროს, ეს საკითხი აქტიურად ისმოდა ხოლმე. განსაკუთრებით მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში, სადაც სამწუხაროდ დღეს ჩამორჩენა გვაქვს. დავუშვათ კახეთთან მიმართებით, მაგრამ ამავდროულად, ყოველთვის იყო ტრადიციები ღვინის წარმოების- იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქართლში და ა.შ. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტ ბენეფიციარს ჩავრთავთ ამ პროგრამაში”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Comments
Loading...