მილიონამდე ეგზემპლარი ერთ დღეში — მერი ტრამპის წიგნი გაყიდვების რეკორდს ხსნის

მერი ტრამპის სკანდალურმა წიგნმა გამოცემის პირველ დღეს გაყიდვების განსაცვიფრებელი რაოდენობა აჩვენა. გამომცემელმა, Simon & Schuster-მა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ერთ დღეში წიგნის 950 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.

კომპანიის თქმით, ეს რიცხვი, რომელიც მოიცავს წინაწარ შეკვეთილ ეგზემპლარებს, ელექტრონულ და აუდიო წიგნებსაც, გამომცემლობის გაყიდვების ახალი რეკორდია.

ფოტო: Simon & Schuster

წიგნი მეტისმეტი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი, წინა კვირის სამშაბათიდან იყიდება და დონალდ ტრამპის მანკიერ მხარეზე გვიამბობს.

ორი კვირის წინ Simon & Schuster-მა ტრამპთან დაკავშირებული კიდევ ერთი წიგნი გამოსცა. ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის, წიგნი ოთახი, სადაც ეს მოხდა გამოცემის პირველ კვირას 780 000-იანი ტირაჟით გაიყიდა.

ძალიან იშვიათია, გამოცემის პირველ კვირას წიგნის ასიათასობით ეგზემპლარი იყიდებოდეს ხოლმე — წიგნების უმეტესობის ტირაჟი კი ამ რაოდენობას საერთოდ ვერასდროს აღწევს.

მეტისმეტი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი დონალდ ტრამპის შესახებ დაწერილ სხვა წიგნებს შეუერთდება, რომელთა უმეტესობაც სკანდალური ბესტსელერი გახდა.

ლეგენდარული ჟურნალისტის, ბობ ვუდვორდის, წიგნი შიში ცხრაასიათასიანი ტირაჟით გაიყიდა გამოცემის პირველ დღეს. გამოცემის პირველ კვირაში წიგნის მაღაზიის დახლებიდან წიგნის უმაღლესი ერთგულება 600 ათასი ეგზემპლარი “გაქრა”, რომლის ავტორიც FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეიმს კომია. რაც შეეხება მაიკლ ვოლფის დაწერილ წიგნს, ცეცხლი და მძვინვარება, გამოცემიდან ერთი თვის თავზე მისი 1,7 მილიონი ეგზემპლარი იყო გაყიდული.

გაყიდვების ეს მაჩვენებლები იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის კულუარული ამბები ნამდვილად საინტერესო საკითხავს წარმოადგენს მკითხველთა ფართო წრისთვის და არა მხოლოდ.

ზოგიერთ შემთხვევაში ტრამპმა და მისმა თანამებრძოლებმა სცადეს, აეკრძალათ ასეთი წიგნები, თუმცა ამ ქმედებამ საზოგადოებაში მხოლოდ წიგნების მიმართ ინტერესი გაზარდა.

მერი ტრამპს სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწია, სადაც რობერტ ტრამპი, პრეზიდენტის ძმა, მას ფრედ ტრამპთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებაში სდებდა მას ბრალს, თუმცა ნიუ-იორკის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წიგნის გაყიდვა დაუშვა.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...