მიწისძვრა, რომელსაც დედამიწის ღერძის გადახრა და დღის ხანგრძლივობის შემცირება მოჰყვა

იმ დღეს მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტიქიურ უბედურებას და მის პირისპირ დარჩენილ უმწეო ადამიანებს. 

2011 წლის 11 მარტს იაპონიის ქალაქ სენდაიში 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც საათ-ნახევრის შემდეგ დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა. მთლიანად, მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, იაპონიაში 15 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 160 000-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.

მეცნიერების დასკვნით, სტიქიურ უბედურებას დედამიწის ღერძის ოდნავ გადახრა, დღის ხანგრძლივობის წამის მემილიონედით შემცირება და იაპონიის ამერიკასთან რამდენიმე მეტრით დაახლოება მოჰყვა, რასაც ადასტურებს მიწისძვრის ეპიცენტრთან მდებარე გლობალური დაკვირვების სადგურების 4 მეტრით გადაადგილება აღმოსავლეთის მიმართულებით.

არსებობს ვარაუდი, რომ 11 მარტის მიწისძვრა დედამიწისა და მთვარის უჩვეულოდ ძლიერმა დაახლოებამ გამოიწვია, რასაც გარკვეული საფუძველი აქვს.

მკვლევარების თქმით, დედამიწაზე მთვარის გრავიტაციულმა მოქმედებამ შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ოკეანეში მიწისძვრები გამოიწვიოს და წყლის სიმაღლემ რამდენიმე მეტრს მიაღწიოს. ჩილეში, სუმატრაზე და ჰაიტიზე მომხდარ უძლიერეს მიწისძვრებზე დაკვირვების შედეგად, მოხერხდა ე.წ. მოქცევის ფაქტორის გამოვლენა. საქმე ის გახლავთ, რომ ეს მიწისძვრები ხმელეთზე კი არა, ოკეანეში მოხდა, რაც უზარმაზარი ტალღების ამოქმედების მექანიზმად იქცა.

სპეციალისტები აქტიურად მსჯელობდნენ ამ მიწისძვრის მიზეზებზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მთვარის მაქსიმალურ მოახლოებას განიხილავდნენ, რომელსაც 19 მარტს ელოდებოდნენ.
„19 მარტს დედამიწა მაქსიმალურად იგრძნობს მთვარის მოქცევის  გავლენას. იმის გათვალისწინებით, რომ გეოფიზიკოსებმა მთვარის მოძრაობასა და მიწისძვრებს შორის კავშირი აღმოაჩინეს, შეიძლება 19 მარტისთვის მიწისძვრების სიხშირემ მოიმატოს, მაგრამ არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ კატასტროფას ველოდოთ“, – ამბობდა თებერვალში ასტრონომი ვლადიმერ სურდინი, თუმცა მთვარის მოქცევამდე ერთი კვირით ადრე იაპონიაში კატასტროფული მიწისძვრა მოხდა.

ფიზიკის ინსტიტუტის სეისმოტექტონიკური განყოფილების ხელმძღვანელი, სეისმოლოგი ალექსანდრე მარახანოვი ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს ვერსიას, რომ იაპონიის მიწისძვრაზე გავლენა მთვარის ფაქტორმა იქონია.
„ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ფაქტორმა რამეზე გავლენა მოახდინა. მიწისძვრა სიღრმითი ტექტონიკური პროცესია, რომელიც დედამიწის ქერქში კი არა, მანტიაშიც ხდება. ტექტონიკური მუხტი, რომელიც მიწისძვრებს იწვევს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გროვდება. ათასწლეულებია საჭირო, რომ დაგროვილი მუხტი განიმუხტოს. არ გამოვრიცხავ, რომ მთვარის გრავიტაციული ზემოქმედება მაპროვოცირებელ მექანიზმად იქცეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გარდაუვალი მიწისძვრა ერთი საათით ან ერთი თვით ადრე მოხდება“, – განაცხადა მეცნიერმა.

2011 წლის 11 მარტის მიწისძვრა იაპონიაში ბოლო 140 წლის მანძილზე მომხდარ მიწისძვრათა შორის უდიდესია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კატასტროფამ იაპონიის ეკონომიკა 235 მილიარდი დოლარით დააზარალა, რაც მსოფლიო კატასტროფების ისტორიაში ყველაზე დიდ ფინანსურ ზარალად მიიჩნევა.

https://youtu.be/_f8QPODBY8A

 

 ავტორი: ნელი თორდია
 წყარო:  http://funtime.ge

 

Comments
Loading...