მიხეილ სააკაშვილის მოტივი იყო შურისძიება – პროკურორი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, სადაც ბრალი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა.

სასამართლოზე დაიკითხნენ სასამართლოს სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც ყოფილი დეპუტატისთვის მიყენებული დაზიანებების ხარისხზე ისაუბრეს. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ვალერი გელაშვილმა თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიიღო და ეს დაზიანებები მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ მძიმე დაზიანებები იყო შედეგი იმ დანაშაულისა, რაც გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივმა ქმედებებმა. რაც შეეხება გელაშვილზე თავდასხმის მოტივს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მოტივი იყო შურისძიება, ვინაიდან თავდასხმამდე მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ყოფილი დეპუტატის ინტერვიუ, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი შეურაცხმყოფელი ფრაზებით იყო მოხსენიებული.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე მოწმე დარჩა დასაკითხი, მათ შორის არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

 

http://www.interpressnews.ge

Comments
Loading...