მკვლევრების თქმით, აფრიკის კონტინენტზე ახალი ოკეანე იბადება

ეს უკაცრიელი განფენილობა იმ სამი ტექტონიკური ფილის შემაკავშირებელი ნაწილის ზემოთ მდებარეობს, რომლებიც ნელ-ნელა ერთმანეთს შორდებიან. კომპლექსური გეოლოგიური პროცესი დროთა განმავლობაში აფრიკის კონტინენტს ორად გახლეჩს და ახალი ოკეანის აუზი შეიქმნება, თუმცა ეს მილიონობით წლის შემდეგ მოხდება.

აფრიკის კონტინენტის ტექტონიკურ ფილებს რამდენიმე ათწლეულია, რაც სწავლობენ, თუმცა თანამგზავრების მონაცემები მეცნიერებს ახალი ოკეანის დაბადების შესახებ ბევრად მეტი ინფორმაციის მოპოვებაში ეხმარება.

ცნობილია, რომ აფრიკის ახალი ოკეანე დაახლოებით 5-10 მილიონი წლის შემდეგ დაიწყებს ფორმირებას. აღსანიშნავია, რომ დედამიწის ქერქი უამრავი დიდი ტექტონიკური ფილისგანაა ნაგები, რომლებსაც უსწორმასწორო ფორმები აქვთ.

ასეთი რამ ადრეც მომხდარა: ბოლო 30 მილიონი წლის განმავლობაში არაბული ფილა აფრიკის კონტინენტს შორდებოდა, ამ პროცესმა კი წითელი ზღვა და ადენის ყურე წარმოქმნა. ახლა კი მსგავსი პროცესი აღმოსავლეთ აფრიკაშიც მიმდინარეობს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იწვევს კონტინენტის გაყოფას. ზოგიერთის აზრით, ამ პროცესს აღმოსავლეთ აფრიკის ქვეშ დედამიწის მანტიიდან ამოსული ექსტრემალურად ცხელი ქვები განაპირობებს.

თანამგზავრის დეტალური დაკვირვებებისა და სხვა მონაცემების კომბინირებით, შესაძლოა, მეცნეირებმა მოახერხონ გაიგონ, თუ რა ხდება აფარის რეგიონის ქვეშ. მაგრამ ამ ადგილას არსებული პირობები კვლევას ნამდვილად არ ამარტივებს, რადგან დღის განმავლობაში რეგიონში ტემპერატურა 53 გრადუსს ცელსიუსს აღწევს, ხოლო ღამით 35-ზე ჩამოდის.

ფოტო: University of Rochester

მკვლევრები დიდი ხანია, რაც გიგანტურ ნაპრალს სწავლობენ, რომელიც ეთიოპიის უდაბნოში 2005 წელს გაიხსნა, რათა ქანების გაყოფის მიზეზები დაადგინონ.

მათი აზრით, შესაძლოა, რომ აფარის რეგიონში არსებულ ფეთქებად მოვლენებს მაგმადან წამოსული წნევა იწვევდეს, თუმცა ამ თეორიების დამტკიცება საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...