ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ქმარმა, ასევე ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ ტრავოლტამ ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა:

“ჩემი მშვენიერი ცოლი კიბოსთან ორწლიან ბრძოლაში დამარცხდა. ის ბოლომდე მამაცად იბრძოდა საყვარელი ადამიანების სიყვარულითა და მხარდაჭერით”.

პრესტონი და ტრავოლტა დაახლოებით 29 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები და ერთად ისეთ ფილმებში უთამაშიათ, როგორებიცაა Battlefield Earth და Old Dogs.

“რაღაც დროს ჩემს შვილებთან გავატარებ, რომლებმაც დედა დაკარგეს, ამიტომაც მაპატიეთ, თუ გაუჩინარებული ვიქნები. თუმცა იცოდეთ, რომ ჭრილობის მოშუშების მომავალ კვირებსა და თვეებში თქვენ მიერ გამოხატულ სიყვარულს ყოველთვის ვიგრძნობთ”, — ვკითხულობთ ჯონ ტრავოლტას წერილში.

BBC-ის ცნობით, წყვილს 2009 წელს 16 წლის შვილი, ჯეფ ტრავოლტა გარდაეცვალა: ბაჰამის კუნძულებზე დასვენების დროს ჯეფ ტრავოლტას ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა, რა დროსაც აბაზანას თავი მძიმედ ჩამოარტყა.

კელი პრესტონსა და ჯონ ტრავოლტას კიდევ ორი შვილი, ელა და ბენჯამინი ჰყავთ.

კელი პრესტონი კინოინდუსტრიაში 80-იანი წლებიდან მოღვაწეობდა და თავისი კარიერის განმავლობაში 70-მდე პროექტში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ ფილმებში, როგორებიცაა Twins, From Dusk Till Dawn, Jerry Maguire და The Cat in the Hat.

ოჯახის წარმომადგენლის განცხადებით, მსახიობი თავის დიაგნოზს საიდუმლოდ ინახავდა:

“ის გარკვეული დროის განმავლობაში აქტიურად მკურნალობდა და მას მხარს ოჯახისა და სამეგობროს უახლოესი წევრები უჭერდნენ”.