ნათია თურნავა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ანაკლიის პროექტი შედგეს

ასეთ პროექტებს შორის ყველაზე დიდი ხელშეწყობა სახელმწიფომ გამოიჩინა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” ანაკლიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

“ასეთი პროექტები სხვა პროექტებს რომ შევადაროთ, ყველაზე დიდი ხელშეწყობა გამოიჩინა სახელმწიფომ. აღარ ჩამოვთვლი – ფინანსური ხელშეწყობა, მიწით ხელშეწყობა, იურიდიული ხელშეწყობა. რამდენიმეჯერ მოხდა გადავადება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ეს გადავადება არის მტკივნეული დანაკარგი ჩვენთვის.

ძალიან დაგვიანდა ანაკლია, ეს პორტი და ზოგადად ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამას ყოველდღე ვხედავთ. ტვირთები შეიძლება ყოველდღე დაიკარგოს და ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი შედგეს. რა კონფიგურაციაში შედგება, რა ბედი ეწევა და ა. შ. არ ვიცი. არ მინდა გავასწრო მოვლენებს. სიმბოლურად რამდენიმე დღე არის დარჩენილი და ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. კომპლექსური საკითხია და გუნდი შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, თუმცა რამდენად აქვს არსებულ ინვესტორს ორწლიანი დაგვიანების შემდეგ კიდევ რაიმე ღირებულება შექმნას ამ პროექტში, ეს მე არ ვიცი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...