“ნაციონალური მოძრაობა” 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ორშაბათს, პარტია თბილისის მერიასთან აქციას გამართავს პანორამა თბილისის წინაარმდეგ.

ამის შესახებ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“იმ მომენტიდან, როცა ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მონაწილეობას ვიღებდით თვითმმართველობის არჩევნებში, გადავწვიტეთ რომ ბოლომდე დაგვეცვა თბილისელების ინტერესები. ეს არის ჩვენი ცხოვრების საქმე. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი “პანორამა თბილისი” ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს. არ ვაპირებთ ფარხმალის დაყრას არჩევნებამდე. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ყველა ის უკანონო გადაწყვეტილება გაბათილდება, რომელიც თბილისის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ დღეს ვაანონსებთ აქციას, ორშაბათს 14:00 საათზე თბილისის მერიასთან და ვიწვევთ ყველას, ვინც გვიჭერს მხარს”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

Comments
Loading...