ნენსკრა ჰესის პროექტი ახალგაზრდებს სტაჟირების გავლას შესთავაზებს

ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ახალგაზრდებს პროფესიული განვითარებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შესთავაზებს.

სტაჟირების პროგრამა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობისა და „თემის საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ნოემბერში დაიწყება.

დაინტერესებულ ახალგაზრდებს კონკურსის გავლის შემდეგ სტაჟირება ჩაუტარდებათ საპროექტო კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში, კერძოდ, სოციალური საკითხების, გარემოსდაცვითი, შრომის უსაფრთხოების, ადამიანური რესურსების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური მიმართულებით.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის შრომის ბაზარზე მეტი შესაძლებლობის შექმნა ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით 2017 წლიდან ვმუშაობთ, კერძოდ, ვთავაზობთ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობას ინგლისურისა და კომპიუტერის კურსებს, ვახორციელებთ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამას. უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ პროფესიულ ტრენინგს დავამატებთ. სტაჟირების პროგრამა, ერთის მხრივ, საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, შეიძინონ საერთაშორისო პროექტზე მუშაობის გამოცდილება, რაც მომავალში მათ კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველჰყოფს მათ ჩართულობას კომპანიის საქმიანობაში, რაც უფრო გააღრმავებს დიალოგს ნენსკრა ჰესის პროექტსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის“, – აცხადებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ირინა პეტრიაშვილი.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

Comments
Loading...