“ნენსკრა ჰიდრო” მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“, ითვალისწინებს რა საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

თანამშრომლების ჯანმრთელობის დასაცავად და კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად „ნენსკრა ჰიდრომ“ საქართველოში ვირუსის გავრცელებისთანავე მიიღო რიგი პრევენციული ზომები. კერძოდ, კომპანიამ აკრძალა თანამშრომლების მივლენა რისკ-ჯგუფის ქვეყნებში, გააუქმა შეხვედრები სამუშაო გარემოში, მოუწოდა თანამშრომლებს თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ და საჯარო თავშეყრის ადგილებში მოძრაობისგან თავის შეკავებისკენ, უზრუნველყო სამუშაო გარემოში სისტემატური სადეზინფექციო ღონისძიებების გატარება, აღჭურვა ოფისი შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით და თანამშრომლებს დამცავი ნიღბები დაურიგა.

ვითარების გაუარესების თავიდან ასარიდებლად „ნენსკრა ჰიდროს“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, 19 მარტიდან გადასულიყო დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. საჭიროების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას იმისათვის, რომ დაიცვას ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებული რისკისაგან.

„ნენსკრა ჰიდრო“ იმედოვნებს, რომ COVID-19-თან დაკავშირებით როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში პრობლემა მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარდება და გისურვებთ ჯანრთელობას!

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

Comments
Loading...