ნინო ბურჯანაძე – რა უნდა ეთქვა ქუმსიშვილს? არ დავდგები მედვედევის გვერდითო?

ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა ის ისტერიკა, რომელიც ატყდა იმასთან დაკავშირებით რომ ქუმსიშვილი მედვედევის გვერდით იდგა, – ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„ან საერთაშორისო პროტოკოლი არ წაგიკითხავთ, ან საერთაშორისო შეხვედრებში ან ფორუმებში არ მიგიღიათ მონაწილეობა?! რა უნდა ეთქვა ქუმსიშვილს?! არ დავდგები მედვედევის გვერდითო?! ძალიან ცუდი ის არის, რომ მან არ გამოიყენა შესაძლებლობა დალაპარაკებოდა იმ ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერს, რომელთანაც ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემები გვაქვს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს იძახიან არ დაველაპარაკოთ რუსეთსო არ ფიქრობენ საქართველოს გამთლიანებაზე, „ალბათ, ფიქრობენ, მაგრამ უცოდინარობით ხელს უწყობენ, რომ საქართველოს გაერთიანება საერთოდ შეუძლებელი გახდეს“.

„მოვუწოდებ ყველა ამ ადამიანს, თუ მართლა გულწრფელად გინდათ საქართველოს გაერთიანება, თვალები გაახილეთ და სამარცხვინო კომენტარებს ნუ აკეთებთ. დასაგმობია, რომ ასეთ ფორუმებს საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს რუსეთის მაღალჩინოსნებთან სასაუბროდ და ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

წყარო: ipn.ge

Comments
Loading...