ნობელის კომიტეტის 5 სკანდალური გადაწყვეტილება

ნობელის პრემიერა მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული ჯილდოა, რომელსაც ხელოვნებაში, მეცნიერებასა და პოლიტიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის 1901 წლიდან გასცემენ.

ნობელის პრემიერა მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული ჯილდოა, რომელსაც ხელოვნებაში, მეცნიერებასა და პოლიტიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის 1901 წლიდან გასცემენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიის, ლიტერატურის, ფიზიკის, ფსიქოლოგიის ან მედიცინის და მშვიდობის დარგში გამარჯვებულს სპეციალური ჟიური ავლენს, რაც ამ კანდიდატის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით ერთიორად ზრდის, ამდენწლიანი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვა.

ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ:

1. ბარაკ ობამა — 2009 წელი

აშშ-ის პრეზიდენტად გახდომიდან ცხრა თვის შემდეგ ბარაკ ობამას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა “განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომ გაეძლიერებინა საერთაშორისო დიპლომატია და თანამშრომლობა ხალხებს შორის”. მართალია, The New York Times-მა ამ გადაწყვეტილებას “გასაოცარი სიურპრიზი” უწოდა, თუმცა სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ობამამ დაუმსახურებლად მიიღო პრიზი — ის ნომინანტად პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებიდან 12 დღეში განიხილეს, რის გამოც ბევრი ნობელის კომიტეტს პოლიტიკური სარჩულის გამო აკრიტიკებდა.

2. იასირ არაფატი — 1994 წელი

პალესტინელ იასირ არაფატს ისრაელთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების გამო მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცეს, თუმცა ბევრი ამას კრიტიკულად შეხვდა: ოპონენტები მას ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში ადანაშაულებდნენ და მასაც “ტერორისტად” მოიხსენიებდნენ.

3. ვანგარი მაატაი — 2004 წელი

2004 წელს ვანგარი მაატაი პირველი აფრიკელი ქალი გახდა, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა: ის კენიაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებისა და სოფლის მეურნეობით დაკავებული ქალების უფლებების მხარდაჭერისთვის მშვიდობის დარგში დააჯილდოვეს. თუმცა მისი გამარჯვება ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქმულმა მოსაზრებამ დაჩრდილა, სადაც ამბობს, რომ აივ-ინფექცია ევროპულმა სახელმწიფოებმა აფრიკის მოსახლეობის შესამცირებლად შექმნეს.

4. ბობ დილანი — 2016 წელი

ერთ-ერთი ყველაზე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებით სავსე დისკუსია ნობელის კომიტეტის 2016 წლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, როცა ლიტერატურის დარგში ბობ დილანი დააჯილდოვეს: ის პირველი მუსიკოსი გახდა, ვინც ეს პრემია მიიღო. კრიტიკოსები ამ გადაწყვეტილებას შეუსაბამოს უწოდებდნენ, რადგან სხვადასხვა დროს უამრავი მნიშვნელოვანი ავტორი “ვერ შეამჩნია” ნობელის კომიტეტმა, ამჯერად კი ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის მომღერალი დააჯილდოვეს.

5. პეტერ ჰანდკე — 2019 წელი

ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე ლიტერატურის დარგში ჯერჯერობით ბოლო ლაურეატია, რომლის გამარჯვება ცნობილ მწერლებთან ერთად, სხვადასხვა ორგანიზაციებმა და აქტივისტებმაც გააკრიტიკეს: ჰანდკეს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი აზრი 90-იან წლებში იუგოსლავიაში მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირების შესახებ და ის ხშირად უარყოფდა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის სახელით ცნობილ მოვლენას, როცა ათასობით მუსლიმი ბოსნიელი მოკლეს. ის ასევე სერბეთის ომის საერთაშორისოდ აღიარებული კრიმინალის, სლობოდან მილოშევიჩის დასაფლავებაზე სიტყვით საჯაროდ გამოვიდა. სწორედ ამის გამო ბევრი ფიქრობს, რომ მისთვის მსგავსი პატივი არ უნდა მიეგოთ.
წყარო : On.ge
Comments
Loading...