“ნუ მაიძულებთ, რომ მეც გამოვიდე ქუჩაში და ხმამაღლა ვითხოვო ხალხის თანადგომა” – ლევან კორტავას მამიდა საქართველოს მთავრობას მიმართავს

 

გეგუთის ციხეში მოკლული ახალგაზრდა პატიმრის  ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. როგორც  ლევან კორტავას  მამიდა აცხადებს, უკვე ხუთი წელია  ოჯახი  ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.  ხათუნა კორტავას თქმით, მოხდა შერჩევითი სამართალი და მისი ძმისშვილის მკვლელობისთვის მხოლოდ საქმის შემსრულებლები დაისაჯნენ.

კორტავას მამიდა აღნიშნულთან დაკავშირებით,  ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს და  საქართველოს მთავრობას მიმართავს.

„ხუთი წელი გავიდა ლევან კორტავას მკვლელობიდან. ეს იყო პირველი რეზონანსული დანაშაულებრივი ქმედება ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს საქმე ჯერაც ბურუსთაა მოცული და ნაწილობივ არის გამოძიებული. დაისაჯნენ მხოლოდ უშუალოდ საქმის შემსრულებლები, დამკვეთები და საქმის ,,გამპრავებელი“ პირველი პირები ჯერ კიდევ დაუსჯელები დადიან. ესენი არიან – ყოფილი მთ. პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი- ლაშა ნაცვლიშვილი, მირზა სუბელიანი, რომელსაც ამ საქმის დაფარვაში უდიდესი წვლილი მიუძღვის და გეგუთის ციხის რეჟიმის უფროსი თენგიზ კუჭავა. ეს ადამიანები დღემდე დაკითხულებიც კი არ არიან. ისინი თავისუფლად დასეირნობენ და პასუხისმგებლობასაც არ გრძნობენ ჩადენილის გამო. ალბათ მათთვის ეს ჩვეულებრივი მორიგი მკვლელობაა, რომელიც შერჩათ.
პროცესები დღემდე გრძელდება ადმინისტრაციის სხვა მოხელეებზე, მათზე, ვინც შედარებიით დაბალ ეშელონებს წარმოადგენდნენ.
დამოუკიდებლად ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ვიცი ყველა ნიუანსი, ვიცი , თუ ვინ რა ქმედებაში იყო და არის დღემდე. ჩატარებული მაქვს საქმის დამოუკიდებელი გამოძიება ყველა დონეზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვადანაშაულებ საქმის მიკერძოებასა და ხელოვნურად გაჭიანურებაში.
მე არ მაინტერესებს პოლიტიკა, რადგანაც არ მცალია პოლიტიკური თამაშებისთვის. მაგრამ ვითხოვ სამართალს და საქმის ობიექტურად დასრულებას. პასუხი გამცეს მთავრობამ, ვინ მომიკლა შვილი და რატომ არ ისჯებიან დამნაშავეებთან?
დასრულდეს ბოლო-ბოლო ლევან კორტავას მკვლელობის საქმე და დაისაჯნონ ზემოთ ხსენებული მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა დანაშაულების დაფარვას ლამისაა გადააყოლონ ქვეყანა.
მე არ დავკმაყოფილდები შერჩევითი სამართლით. მე არ მაკმაყოფილებს მარტო მკვლელები. ჩემთვის შემკვეთები და საქმის ჩამფარცხველები კიდევ უფრო მეტი დამნაშავეები არიან.
მოვუწოდებ ყველა საინფორმაციო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველას ვისაც შეუძლია მცირედით მაინც დამეხმაროს და დამიდგეს გვერდით, რათა აღსრულდეს სამართალი. მე ამას ვითხოვ 5 წელია და მგონი ხვდებით, რომ არ შევეშვები ბოლომდე, სანამ ყველა დამნაშავეს არ მიეზღვება საკადრისად .
ნუ მაიძულებთ მეც გამოვიდე ქუჩაში და ხმამაღლა ვითხოვო ხალხის თანადგომა.
მივმართავ მთავრობას, ჯერ კიდევ გაქვთ დრო და ეს დრო გამოიყენეთ!!!”,-  წერს კორტავა.

Comments
Loading...