ოკეანის მასშტაბური წმენდისას წყლიდან 103 ტონა ნაგავი ამოიღეს

Ocean Voyages Institute-ის დახმარებით ოკეანის ყველაზე მასობრივი გამწმენდი სამუშაოები წყნარ ოკეანეში, ჰავაისა და კალიფორნიის შტატებს შორის ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა წყლიდან 103 ტონა ნაგავი ამოიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ნაწილი სამომხმარებლო პროდუქტები იყო, 103 ტონიდან უდიდესი წილი სათევზაო და სანაოსნო ხელსაწყოებზე მოვიდა. ზოგ ბადეში, ამასთან, კუს ჩონჩხები იყო გაჭედილი. როგორც ჩანს, ცხოველები ნაგავში გაიხლართნენ და თავის დაღწევა ვეღარ მოახერხეს.

ბადეში გახლართული კუს ძვლები

Ocean Voyages Institute-ის აღმასრულებლი დირექტორის თქმით, მოხალისეებს თავდაპირველად 100 ტონა ნაგვის ამოღება ჰქონდათ განსაზღვრული, თუმცა მონდომების და რამდენიმედღიანი შრომის შედეგად, საბოლოო ჯამში წყნარი ოკეანე 103 ტონა ნაგვისგან გაიწმინდა.

ნავარაუდებია, რომ წყნარი ოკეანე საერთო ჯამში 80 ათას ტონა ნაგავს შეიცავს, რაც ძირითადად კომერციული მეთევზეების და სანაოსნო ოპერაციების შედეგია. დინებათა გამო ოკეანეში ნაგვის კუნძულები იქმნება, რაც პლასტმასის ერთ წერტილში ჭარბად კონცენტრაციას განაპირობებს.

გემბანზე შეგროვებული ნაგავი

მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციისას ოკეანე 100 ტონაზე მეტი ნაგვისგან გაიწმინდა, ყოველწლიურად ოკეანეებში 12,7 მილიონი ტონა პლასტმასა იყრება, რაც ეფექტიან საწმენდ სამუშაოებს მნიშვნელოვნად ართულებს. მიჩნეულია, რომ ამჟამად ოკეანეში 150 მილიონი ტონა ნაგავი ცირკულირებს.

მსგავსი დაბინძურება ძალიან პრობლემურია ეკოსისტემებისთვის, რადგან ნაგვის უმეტესობა ძალიან რთულად ან საერთოდ არ იხრწნება. ამის ნათელი მაგალითია ფილიპინებში აღმოჩენილი ვეშაპი, რომელმაც 40 კილოგრამი ნაგავი გადაყლაპა — პლასტმასის ჭიქებით დაწყებული, ცელოფნის პარკებით დამთავრებული.

წყარო : On.ge

Comments
Loading...