ონლაინ სესხების კომპანიები ან კოტრდებიან, ან ბაზრიდან გარბიან

2017 წელს ონლაინ სესხების გამცემი 24 კომპანია გაკოტრდა ან ბაზრიდან გავიდა. აღნიშნულის შესახებ Allnews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, “კრედიტ ინფოს” კლიენტი თუ 2016 წელს 41 ონლაინ გამსესხებელი იყო, 2017 წელს მათი რაოდენობა 17-მდე შემცირდა.

“მეეჭვება, რომ ონლაინ სესხებზე მოთხოვნა წელს გაზრდილიყო, რადგან, ჩემი ინფორმაციით, ონლაინ სესხის 24 კომპანია საერთოდ გაკოტრდა ან ბაზრიდან გავიდა, შესაბამისად, იმ რეგულაციამ, რომელიც გულისხმობს, რომ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-ზე მეტი არ უნდა იყოს, ბევრი ინტერნეტგამსესხებლის ბაზრიდან გასვლა გამოიწვია. ზოგადად, ჩვენთან სწრაფ და იოლ ფულზეა მოთხოვნა. საკრედიტო ბაზაში მომხმარებლის განსაკუთრებული შემოწმება არ ხდება, თუმცა, ამ მხრივ თავისი სეგმენტი უკვე ბანკებსაც ჰყავთ, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით სწრაფი სესხის გაცემა მათაც დაიწყეს”, – განმარტავს გიორგი კეპულაძე.

როგორც “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, 2018 წელს ინტერნეტგამსესხებლების რაოდენობის კუთხით განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის.

Comments
Loading...