ორჰან ფამუქი: აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებით თურქეთი სეკულარობაზე უარს ამბობს

მთელ მსოფლიოში ცნობილი თანამედროვე თურქი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ორჰან ფამუქი თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც ისტორიული ძეგლის — აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას გულისხმობს.

BBC-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებამ პრეზიდენტ ერდოღანის კონსერვატიული მხარდამჭერები გაახარა, საერთაშორისოდ აღიარებული მწერალი ორჰან ფამუქი მიიჩნევს, რომ ამან ასევე ბევრი თურქი მოქალაქის “ღირსება შელახა”.

“ამ გადაწყვეტილებას ჩემ მსგავსად მილიონობით სხვა სეკულარიზმის მომხრე თურქი აპროტესტებს, თუმცა მათი ხმა არავის ესმის”, — განაცხადა ფამუქმა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით თურქეთმა მთელ მსოფლიოს მკაფიო გზავნილი აჩვენა:

“აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დანარჩენ მსოფლიოს ამცნობს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ სეკულარული სახელმწიფო აღარ ვართ”.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯერ თურქეთის სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, შემდეგ კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი მოაწერა.

თურქეთის გადაწყვეტილებამ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი განხილვები გამოიწვია: ბევრი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სულ უფრო მეტად უხვევს ქემალ ათათურქის მიერ დასახული დასავლური და სეკულარული სახელმწიფოს გზიდან.

 

წყარო : On.ge

Comments
Loading...