„პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს“ – თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდს საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატი არ ჰყავს, არ შეიცვლება:

„ამ თემაზე გვქონდა ძალიან ბევრი მსჯელობა, მათ შორის, უმრავლესობის ფორმატში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც ესწრებოდა. პოზიციები იყო ორივე მხარეს. თავად პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს. ამ პოზიციას გააჩნია ორი არგუმენტი. ერთია ის, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთავის, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები იყოს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უმაღლესი თანამდებობა ერთი პარტიის ხელში არ იყოს. მეორე არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტის მანდატთან დაკავშირებით არსებობს არასწორი წარმოდგენა. ეს ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ჩვენ საპრეზიდენტო სისტემა ვიყავით. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს სრულიად სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ საზოგადოებას პრეზიდენტი წარმოუდგენია, როგორც ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებელი პირი. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს არასწორი წარმოდგენა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

newposts.ge

Comments
Loading...