პოლიციამ Glee-ის მსახიობ ნაია რივერას ცხედარი იპოვა

დადასტურდა, რომ ცნობილი ამერიკელი მსახიობის ნაია რივერას ცხედარი რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ 13 ივლისს სამხრეთ კალიფორნიის შტატში მდებარე ტბაში იპოვეს.

რაიან მერფის მუსიკალურ სერიალ Glee-ს მსახიობი გასულ ოთხშაბათს, 8 ივლისს გაუჩინარდა, როცა თავის 4 წლის შვილთან ერთად ტბა პირუში დაქირავებული ნავით გავიდა. მცირეწლოვანი ბავშვი ნავზე მარტო იპოვეს და როგორც მან სამართალდამცავებს განუცხადა, დედა საცურაოდ წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

პოლიცია 4 დღის განმავლობაში ეძებდა ნაიას და ვარაუდობდნენ, რომ ის წყალში დაიხრჩო.

ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტბა პირუში ცხედარი იპოვეს, თუმცა გარდაცვლილის ვინაობას არ ასახელებდნენ. სულ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კი დადასტურდა, რომ ტბაში სწორედ 33 წლის მსახიობის სხეული იპოვეს.

როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პირველადი დათვალიერების შედეგად არ გამოვლენილა რაიმე სამხილი, რომ ნაიას გარდაცვალება “განზრახ მკვლელობით ან თვითმკვლელობითაა გამოწვეული”.

გასული ოთხი დღის განმავლობაში პოლიციელები ნაია რივერას აქტიურად ეძებდნენ, მათ შორის მყვინთავების, მაძებარი ძაღლების, შვეულმფრენებისა და სპეციალური წყალქვეშა ნავების დახმარებით.

ფოტო: GETTY IMAGES

ნაია რივერამ მსახიობობა 4 წლის ასაკში დაიწყო: ის CBS-ის სიტკომში The Royal Family თამაშობდა. განსაკუთრებული პოპულარობა მუსიკალურმა სერიალმა Glee მოუტანა, რომელშიც 2009 წლიდან 2015 წლამდე სანტანა ლოპესის როლს ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ სერიალის მსახიობის შესახებ სამწუხარო ამბავს ვიგებთ: 2013 წელს შოუში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, კორი მონტეიტი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს; მარკ სელინგმა კი, რომელიც ნოა პაკერმანის როლს ასრულებდა, ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის გამო დადანაშაულების შემდეგ 35 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

წყარო : On.ge

Comments
Loading...