პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

პროექტში მითითებულია, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალება გამოძიების საგანი უნდა იყოს, ვინაიდან მასში შესაძლო კორუფციული სქემა იკვეთება.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ შესაბამისი უწყებები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული საქმე გამოიძიონ.

„დავაყენებთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რადგან თუ ხელისუფლება არ აკეთებს, არ ასრულებს თავის ვალდებულებას, ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს პარლამენტმა, რომლის პირდაპირი ვალდებულება არის, ზედამხედველობა გაუწიოს სახელისუფლებო სტრუქტურებს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დადგენილების მხარდაჭერას აპირებენ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ მმართველი გუნდი არ შექმნის საკანონმდებლო ორგანოში დროებით საგამოძიებო კომისიას, საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე დაიწყებს მუშაობას.

მმართველი გუნდის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არარელევანტური იქნება, ვინაიდან საქმის გამოძიება ჯერ პროკურატურაში მიმდინარეობს.

Comments
Loading...