პრეზიდენტმა ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ელისო ბოლქვაძეს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსთან და აჭარის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო, რომელიც 2-12 სექტემბერს აჭარაში გაიმართება.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ელისო ბოლქვაძე კულტურის დარგში შეტანილი უმნიშვნელივანესი წვლილისთვის დაჯილდოვდა და მას ღირსების ორდენი გადაეცემა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ერთერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც უკვე გახდა საქართველოს სავიზიტო ბარათი; პრეზიდენტის ფონდი კი ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს მხარს უჭერს უკვე რამდენიმე წელია – 2014 წლიდან;

“ფესტივალი წლიდან წლამდე ახერხებს უფრო მეტი და მაღალი რანგის მონაწილეების მოზიდვას საქართველოში, რაც ერთი მხრივ ხელს უწყობს საერთაშორისო მიღწევების გაზიარებას ჩვენი მუსიკოსებისთვის, მეორე მხრივ კი, ზრდის ჩვენი ქვეყნის კულტურის და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ;ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კი, ქალბატონი ელისო ბოლქვაძეა”, – აღნიშნა ადმინისტრაციის უფროსმა.

 

Comments
Loading...