პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის დეკანოზი მამალაძე არ არის

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ჩაატარა. როგორც ქორიძემ თქვა, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა და 111 მსჯავრდებული შეიწყალა.

მისივე ინფორმაციით, შეწყალებულ პირთაგან 42 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. მათგან 3 ქალი და 1 არასრულწლოვანია.

ვადიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათ შორის 4 ქალი და 6 არასრულწლოვანია.

შეწყალების კომისიამ სულ 866 საქმე განიხილა, მათ შორის იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დეკანოზის საქმე განსაკუთრებული წესით განიხილეს, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, აუცილებელი იყო რომ სხდომას კომისიის წევრთა 3/4 დასწრებოდა და ყველა მათგანი ერთ პოზიციაზე შეთანხმებულიყო, თუმცა კონსენსუსი ვერ შედგა.

11 სექტემბერს გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს კომისია უკვე განიხილავდა. მანამდე გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

შეწყალების კომისიას არ განუხილავს ივანე მერაბიშვილის საქმე, რადგან მსჯავრდებულს შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს.

Comments
Loading...