პრემიერ მინისტრი: ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან

ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან, გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და ეს არის ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო არასოდეს დაუშვებს, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს.

„ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან, გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი, ეს არის ძალიან სამწუხარო. მე უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის.

იცით თქვენ, რომ გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა უწყების მხრიდან, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ დაუშვებს რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანას. რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული, ეს ხომ სრული აბსურდია, ამაზე რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული პროდუქტების, საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის ჩვენი მკაფიო, ცალსახა პოზიცია.

სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან, ონლაინრეჟიმში ვცვლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის მგრძნობიარე საკითხებთან და ვფიქრობ, აქ არავითარი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს“, – განახცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...