პუტინმა ფიზიკური პირებისა და უცხოელი აგენტების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს უცხოური მედიასაშუალებების დამატებითი რეგულირების შესახებ, რომლის თანახმად, პირები, რომლებიც ანაწილებენ შეტყობინებებს უცხოურ მედიაში ან მათი შექმნის პროცესში მონაწილეობენ, შესაძლოა უცხოელ აგენტებად აღიარონ.

დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტი ფედერაციის საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 25 ნოემბერს დამტკიცდა.

ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ასეთი ადამიანი იღებს თანხას და ქონებას უცხო სახელმწიფოებიდან, მათი სახელმწიფო ორგანოებიდან, საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციებიდან.

1 დეკემბერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა “ტვიტერის” გვერდზე დაწერა, რომ აშშ რუსეთში “უცხოელ აგენტების” შესახებ კანონის მიღების გამო შეშფოთებულია. 

მისი თქმით, აღნიშნული კანონი შესაძლოა “დამოუკიდებელი ხალხის ხმების ჩასახშობად” გამოიყენონ. მორგანმა რუსეთს მოუწოდა,  გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

ვაშინგტონის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter- ის საშუალებით უპასუხა და აშშ-ს მოუწოდა, “რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს”.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმად, არა მხოლოდ იურიდიული პირები, არამედ ფიზიკური პირებიც შესაძლოა აღიარებულ იქნან როგორც “უცხოელი აგენტები”, თუ ისინი შექმნიან ან გაავრცელებენ ინფორმაციას “უცხოელი აგენტის” მედიიდან და, ამავე დროს, მიიღებენ უცხოურ დაფინანსებას.

Comments
Loading...