„პუტინს აქვს სამი გეგმა, რომლის მიხედვით, საქართველოში აპირებენ შემოჭრას “ – გაშიფრულია ინფორმაცია, რას გეგმავს კრემლი

უკრაინის შემდეგ, რუსეთის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების მორიგი სამიზნე, შესაძლოა, კვლავ საქართველო გახდეს. დასავლელი პარტნიორები უკვე ღიად აცხადებენ, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ქვეშ იმყოფებიან, იარაღით ოპერატიულად უნდა მომარაგდნენ.

საქართველოსთან დაკავშირებით, რუსეთის მზაკვრულ გეგმას რეალურს უწოდებენ ქართველი კონფლიქტოლოგები. როგორც ვახტანგ მაისაია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, არსებობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამი გეგმა, რომელიც საქართველოში შემოჭრას უკავშირდება.

„ჩემი ინფორმაციით, პუტინს აქვს სამი გეგმა, რომლის მიხედვით, საქართველოში აპირებენ შემოჭრას, ახლა უკვე გაუმჯობესებული ვარიანტებით. ეს გეგმები გულისხმობს სტრატეგიული ობიექტების სწრაფ დაკავებას. ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ჩრდილოეთით, ოკუპირებული აფხაზეთისა და სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან საქართველოს ტერიტორიის მიმართულებით გამჭოლი შეტევა განხორციელდეს.

გარდა ამისა, რუსების გეგმა, ქვეყნის დაკავების მიზნით, პრორუსული ძალების ამოქმედებას გულისხმობს. გორი-თბილისის მიმართულებით მცოცავი ოკუპაცია რომ მიმდინარეობს, ეს ფაქტი, ბუნებრივია, საბრძოლო დავალებების ის ნაწილია, რომელიც რუსეთის სამხედრო ოპერატიულ გეგმებშია გაწერილია. ასე, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრა ნამდვილად რეალურია“, – განაცხადა მაისაიამ.

კითხვაზე, როდის მოიყვანს პუტინი საქართველოში შემოჭრის გეგმას სისრულეში? – მაისაიამ გვიპასუხა, რომ აღნიშნული გეოსტრატეგიულ ცნობებსა და მოვლენებზეა დამოკიდებული.

„რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით, შემოჭრის გეგმას განახორციელებს მაშინ, როცა შესაბამისი დრო დადგება, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა გეოსტრატეგიულ ცნობებსა და მოვლენებზე. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პუტინი უკრაინას თავს დაესხმებოდა, ამიტომ ჩვენ სამხედრო მიმართულებით აუცილებლად უნდა მოვემზადოთ. პუტინს სურს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი სპეციფიკური გავლენის ზონები დაამკვიდროს და ამ ტერიტორიებზე ნატო და ამერიკა არ შემოუშვას, ის ამ მიზნის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს“,- განაცხადა მაისაიამ.

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის რეჟიმის მოწინააღმდეგე ქვეყნებს კიდევ ერთხელ დაემუქრა და განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს უპასუხოდ არ დატოვებს.

წყარო: “პრაიმ ტაიმი”

Comments
Loading...