აფეთქებას ფონიჭალაში დედა-შვილი ემსხვერპლა
15 ნოემბერს, ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში, დაახლოებით დილის 11 საათზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შედეგად სამი დაშავებული ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სტაციონარში მოთავსებული არიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.
“44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%-ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა -12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ნანგრევებში მოყოლი დედა-შვილს კი კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ, სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილები არიან სოფო ყაველაშვილი და მისი ჩვილი. რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ. განადგურებულები ვართ…
წყარო:“კვირის პალიტრა”