რატი ურუშაძე: როცა ვაჟა ოკუპანტებმა დააკავეს, უპასუხა: რა საზღვარი?! საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო

საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი რატი ურუშაძე საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმაურება. როგორც იგი დასძენს, დაკავებისას ექიმმა განაცხადა, რომ მისთვის სახელმწიფო საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის და რუსულ ენაზე საუბარზეც უარი განაცხადა.

“როცა ვაჟა გაფრინდაშვილი(ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო?მან უპასუხა:რა საზღვარი?რის სახელმწიფო? სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო! მაგათი კანონით, თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ.საზღვარს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება. ჰო,თარჯმანი მოითხოვა კიდევ, ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებითო! აი, ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა”,-წერს რატი ურუშაძე სოციალურ ქსელში.

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ტრავმატოლოგ-ორთოპედი, საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქირურგი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.

Comments
Loading...