პირს, რომელმაც საკუთარი თავის დაჭრის ფაქტზე ცრუ ჩვენება მისცა, 3 წელი მიუსაჯეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაცით,  2017 წლის 11 ოქტომბერს   ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში,  მ.მ.-ს  ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალი ედებოდა დ.ჭ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დაზარალებულმა დ.ჭ.-მ დაკითხვისას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ბრალდებულ მ.მ.-სთვის  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით,  ცრუ ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ   2017 წლის 26 იანვარს მ.მ.-ს   მისთვის დანა არ დაურტყამს და დაზიანება  მან  ბოძიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო.
სამართალდამცველებმა დ.ჭ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2017 წლის 25 დეკემბერს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით   შეეფარდა გირაო.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  სამი  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Comments
Loading...