რომელ ქვეყანაში ცოცხლობენ ყველაზე დიდხანს?

იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.

როგორც ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, 2030 წლისთვის სამხრეთ კორეა იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალებს შორის 90 წელს გადააჭარბებს, სამხრეთ კორეელი მამაკაცები კი 84 წელზე მეტს იცოცხლებენ. სპეციალისტთა განმარტებით, ასეთი წარმატებები ეფუძნება, უპირველეს ყოვლისა, სახრეთ კორეაში მედიცინის მიღწევებს, მოსახლეობის სოცუზრუნველყოფის მოწესრიგებულ სისტემას, ასაკოვან ადამიანებზე განსაკუთრებულ ზრუნვასა და ჯანსაღი ცხოვრებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეა სიმსუქნის ყველაზე დაბალი სტატისტიკური მაჩვენებლით გამორჩეული ქვეყანაა მთელ მსოფლიოში.

სრულიად სხვაგვარი სიტუაციაა აშშ-ში, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობამ, სამწუხაროდ, იკლო. ექსპერტთა პროგნოზით, 2030 წლისთვის ამ ქვეყანაში მამაკაცებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობა 80 წელს მიაღწევს, ქალებს შორის კი 83 წელს (ეს ყოველივე ისეთი ქყვეყნების წყალობით, როგორებიცაა მექსიკა და ხორვატია).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა აზრით, აშშ-ში იმავე სამხრეთ კორეისაგან განსხვავებით ჯანდაცვა სულ უფრო უარესდება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამერიკა ის მაღალგანვითარებული ქვეყანაა, სადაც არ არსებობს უნივერსალური სამედიცინო დაზღვევა და სადაც ყველაზე არასწორად იკვებებიან, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებულ მაჩვენებლებს კი სპეციალისტები სწორედ ბავშვობაში არასწორ კვებას უკავშირებენ.

თინათინ გოცაძე

წყარო: http://mkurnali.ge

Comments
Loading...