რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინის გარდა, საახალწლო მილოცვა მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერს გაუგზავნა

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საახალწლო მილოცვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ლიდერს გაუგზავნა. მილოცვა კრემლის ვებგვერდზე გავრცელდა.

საქართველოს ნაცვლად, ვლადიმერ პუტინმა დამდეგი ახალი წელი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ ლიდერებს მიულოცა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასთვის გაგზავნილ წერილში, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის  სტრატეგიული პარტნიორობა და ორმხრივი ურთიერთობები განვითარდება.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ახალი წელი მიულოცა:  ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს და პრემიერმინისტრს ნიკოლ პაშინიანს, გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და კანცლერს ანგელა მერკელს, ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს, ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს, სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, საფრანგეთის ლიდერს ემანუელ მაკრონს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, იაპონიის პრემიერმინისტრს შინძო აბეს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ტერეზა მეის, ვენესუელის პრემიერმინისტრს ნიკოლას მადუროს, სამხრეთ კორეის ლიდერს მუნ ჩჟე ინს, უნგრეთის პრემიერმინისტრს ვიქტორ ორბანს, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს, იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს სერჯიო მატარელას, ასევე კუბის ხელმძღვანელობას.

 

Comments
Loading...