რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის აფეთქების მთავარი ვერსიები დაასახელა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების მთავარი ვერსიები დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი” ავრცელებს.

საგამოძიებო კომისიის განცხადებით, აფეთქების ძირითადი მიზეზი შესაძლოა იყოს მფრინავის, დისპეტჩერების, ასევე ინსპექტორების არასაკმარისი კვალიფიკაცია.

გარდა ამისა, მთავარ ვერსიებს შორის სახელდება თვითმფრინავის გაუმართაობა და ამინდის პირობები.

კვირას, 5 მაისს, კომპანია “აეროფლოტის” კუთვნილმა თვითმფრინავმა SSJ100, შერემეტოვოს აეროპორტში ავარიული დაჯდომა განახორციელა. თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაურმა ტექნიკური გაუმართაობის გამო ითხოვა. დაჯდომისას კი, ლაინერს სადესანტო მექანიზმები მოტყდა და ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი აგრეთვე მოედო ფიუზელაჟს. იმ მომენტისათვის ბორტზე 78 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. მათგან 41 დაიღუპა. გადარჩენილთა სია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, მომხდარის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მეხის დაცემა სახელდება, რაც ლაინერის აფრენის შემდეგ მოხდა.

Comments
Loading...