სააკაშვილის პარტია 2019 წელს უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა რადიო «Новое время»-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პარტია “ახალ ძალთა მოძრაობა” 2019 წელს უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

სააკაშვილის განცხადებით, ის მაშინ დაბრუნდება უკრაინაში, როდესაც პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყანას დატოვებს. სააკაშვილის თქმით, იგი სასამართლო სისტემის გზით მოქალაქეობის აღდგენას გეგმავს.

“მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეშინებული მოსამართლეები და მოწმეები გამოვააშკარავო, მათ პასუხი კანონის შესაბამისად უნდა აგონ”, – აცხადებს სააკაშვილი.

2017 წელს სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ოფიციალური ვერსიით, მან უკრაინის მოქალაქეობის რეგისტრაციისას კანონდებლობა დაარღვია, რადგანც განცხადებაში არასწორი ინფორმაცია მიუთითა.
12 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილი კიევში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. რამდენიმე საათის შემდეგ, ის უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს.
ამის შემდეგ ის საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადავიდა. (მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ამ ქვეყნის მოქალაქეა). მისი ადვოკატის თქმით, სააკაშვილი იქ ცხოვრების ნებართვის მიღებას გეგმავს.

Comments
Loading...