“საზოგადოებრივ მაუწყებელს” გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა ბერას საჩუქარს

რეპერი ბერა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის მზადაა, მისი სტუდიის აპარატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს აჩუქოს.

მიიღებს თუ არა საჩუქარს პირველი არხი და აქვს თუ არა მას საჩუქრის მიღების უფლება? – ამის გასარკვევად “აიპრესი” საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველს ია ანთაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ეს საკითხი მათმა იურისტებმა უნდა შეისწავლონ. მისი თქმით, ხვალ უფრო მეტი ეცოდინებათ.

“საქმე ის არის, რომ საკმაოდ რთული თემაა ჩვენთვის. პროცედურულად ჯერ არ ვიცით როგორ შეიძლება გადაწყდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ არ დავრჩეთ განათების გარეშე. გადაცემები ეთერში შემდეგი კვირის ორშაბათიდან გადის. დღეს ვერაფერს გეტყვით. თავისი პროცედურები აქვს. საკითხია არის არა მხოლოდ ის გვაჩუქებენ თუ არა და ვიჩუქებთ თუ არა, არამედ ის, რომ საერთოდ არ დავრჩეთ განათების გარეშე. ჩვენმა იურისტებმა ჯერ საკითხი უნდა შეისწავლონ და მერე გავცემთ ამ კითხვებზე პასუხს. დიდი მადლობა ბერას ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ ამან შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ საერთოდ ვერ გავიდეს გადაცემები ეთერში განათების გარეშე. ცოტა დრო გვჭირდება იმისთვის, რომ მოვიფიქროთ რას გავაკეთებთ.

თქვენც ხომ ხედავთ, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად ცოტა დრო გვაქვს. ხვალ ალბათ წესით ცოტა მეტი უნდა ვიცოდეთ”, – უთხრა ია ანთაძემ “აიპრესს”.

Comments
Loading...