სალომე ზურაბიშვილი: “ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე შექმნილი კომისია სერიოზულად არ მუშაობს”

“ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სერიოზულად არ მუშაობს; დღეს ჩვენ ამდენ დროს ვხარჯავთ ნახევრად იურიდიულ, ნახევრად პოლიტიკურ დებატებში იმ დროს, როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული, კომისიის მთავარი მიზანდასახულობა ხორავას საქმის გარემოებების გამოძიება უნდა იყოს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება, რამდენიმე დღეა მე სულ ამას ვკითხულობ, როდის იქნებიან არასრულწლოვნები დაკითხული იმ ფსიქოლოგთან ერთად რომელთანაც შევთანხმდით. ეს არის მთავარი, რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა. კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ გამოიძიოს და არა იმისთვის, რომ გაანალიზოს არსებული მასალები. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი გამოძიება”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ასევე ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, არც ერთი ამ შვიდი სხდომიდან არ ყოფილა ჩვენი ანალიზისთვის დათმობილი სხდომა, სადაც ერთად ვიმსჯელებდით ამ მასალებზე. თქვენ რეკომენდაციები დაწერეთ თვითონ, ამ ჯგუფმა და აქ არის უკვე პოლიტიკური ნაწილები, რომელშიც მე არ ვერევი, მაგრამ, ეს არ არის თუნდაც კომისიის მსჯელობის შედეგი.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს რეკომენდაციები თქვენმა ჯგუფმა დაწერა და ეს არ არის კომისიის მსჯელობის შედეგი. კომისიაში უმრავლესობით წარმოდგენილი ჯგუფის პასუხისმგებლობაა, კომისიის სხვა წევრებთან ერთობლივი მუშაობით და შეთანხმებით იყოს გადაწყვეტილებები მიღებული და არა მხოლოდ ერთი მხარის მიერ, დავკითხოთ ის აუცილებელი მოწმეები, შემდეგ შევიკრიბოთ და გავაანალიზოთ. რაც იქნება საჭირო ის რეკომენდაციები მივიღოთ.

ასევე დავამატებ, იმისთვის რომ ამ კომისიის მიმართ არსებობდეს ის აუცილებელი ნდობა, რომელიც გვჭირდება – ეს უნდა იყოს მიღებული კონსენსუსით. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, რომ მივაღწიოთ ამას. ამ საქმემ რომ მართლა მიაღწიოს თავის მიზანს, რაც არის სიმართლის დადგენა, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

Comments
Loading...