სალომე ზურაბიშვილმა მოიხადოს ბოდიში და დაუყოვნებლივ მოხსნას თავისი კანდიდატურა – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას იმ განცხადებების გამო ითხოვს, რომლებიც მან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რიტორიკა შეცვალა და აღნიშნა, რომ 2008 წელს ომი საქართველოს არ დაუწყია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს საპრეზიდენტო კანდიდატმა ივანიშვილის დავალებით თქვა.

„ქვეყნის ახალგამოცხადებულმა მთავარმა ბარიგამ, ივანიშვილმა შეუცვალა ტექსტი სალომე ზურაბიშვილს, ამ „კანაფის დედოფალს“ და მოღალატეს და მისი საცოდაობით დავიწვი, ისე ბორძიკობდა, რომ კითხულობდა იმას, რაც არ დაუწერია და აზრზე არ არის, რას კითხულობდა. თითქოს, შეცვალა ნარატივი, მაგრამ არაფერი არ შეუცვლია. თქვა, რომ აგრესორი არის რუსეთი, მაგრამ დამნაშავე მაინც არის სააკაშვილი. დამნაშავე რომ ვარ მე, ეს იყო რუსეთის მთავარი მოტივაცია შემოჭრის, ჩვენი ხალხის დახოცვის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ენმ-ის ლიდერის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები ზიანს აყენებს ქვეყანას და მან უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა.

„თუ სალომე ზურაბიშვილს მართლა უნდა რამე მოინანიოს, პირველი, უნდა უარყოს საკუთარი განცხადება იმის შესახებ, რომ წითელუბანი დაბომბა საქართველოს ავიაციამ და არა რუსეთმა და ბოდიში მოუხადოს ქართულ ჯარს. მეორე, უნდა გაიხმოს თავისი მასალები ჰააგიდან, სადაც ის ადანაშაულებს ქართველ სამხედროებს. მესამე, უნდა თქვას უარი რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ თურმე დავბომბეთ ჩვენი საკუთარი ხალხი და ამიტომ უფლება აღარ გვაქვს თურმე ვისაუბროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და როდესაც ისინი საუბრობენ ჩემს დანაშაულზე, ჩემი ერთადერთი დანაშაული არის, რომ რუსეთს არ გავუწექი, საქართველო დავიცავი და დანაშაულია ასევე, რომ ეს მოღალატეები და მართლა დამნაშავეები მოვუშვი ხელისუფლებაში. მაგრამ არაუშავს, 28 ოქტომბერს ამას გამოვასწორებთ და თუ ზურაბიშვილს, მართლაც, გულში უყვარს თავის ქვეყანა, მაშინ იმ ზიანის გათვალისწინებით, რაც მან მიაყენა საქართველოს, თუნდაც საერთაშორისო არენაზე, მან უნდა დაუყოვნებლივ მოხსნას თავის კანდიდატურა და არ შეუშალოს ქართველ ხალხს ხელი გია ვაშაძის არჩევაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

rustavi2

Comments
Loading...