სამმა დამ მოძალადე მამა მოკლა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანი საკუთარმა შვილებმა მოკლეს. თავდასხმა მამაზე 17, 18 და 19 წლის ქალიშვილებმა ბინაში განახორციელეს. პოლიციის ცნობით, კაცს მჩხვლეტავი ნივთებით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე ჩაქუჩით მიყენებული დარტმები თავზე.

გამოძიების ცნობით, კაცმა ბინიდან დაღწევა შეძლო, თუმცა სადარბაზოში სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა. პოლიციამ მოკლულის სამივე შვილი დააკავა, რომლებიც იძახიან, რომ ისინი მამის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ. მათი თქმით, კაცი მათ სახლში კეტავდა, ცემდა და მოკვლით ემუქრებოდა. ერთ-ერთი შვილის თქმით, მამამის მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობაც ჰქონდა.

სასამართლოში დღეს ჩვენება მარია (17), ანგელინა (18) და კრისტინას (19) დედამ, აურელია დუნდუკმა მისცა. ქალის თქმით, ის ქმრისგან მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო. აურელია აცხადებს, რომ ქმარი ყოველ წელს აიძულებდა ქალს ბავშვები გაეჩინა და როდესაც გაიგო, რომ ის ჩუმად თავს იცავდა, ცემის და დამცირების ახალი ეტაპი დაიწყო.

აურელიას თქმით, ერთ დღეს მისმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ პირველი ვაჟი მისგან არ ჰყავდა და 16 წლის მოზარდი სახლიდან გააგდო. როდესაც გაიგო, რომ აურელია შვილს ჩუმად ნახულობდა და სახლში ქმრის დაუკითხავად მოჰყავდა, კაცმა ცოლს იარაღი დაუშინა და მოკვლით დაემუქრა, თუ ისიც სახლიდან არ წავიდოდა.

ჯგუფური მკვლელობის მუხლით, დები ხაჩატურიანების სასამართლო პროცესი 28 სექტემბერს დაიწყება.

imedinews.ge

Comments
Loading...