სამხედრო მოსამსახურეები საკონტრაქტო სამსახურის თვითნებურად შეწყვეტის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან თავისუფლდებიან

თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო-სამხედრო მოსამსახურეები საკონტრაქტო სამსახურის თვითნებურად შეწყვეტის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან თავისუფლდებიან.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება საერთო ჯამში 1205 პირს შეეხება, რომლებსაც 2014 წლიდან დღემდე დაახლოებით, 14 მილიონ 160 ათასი ლარი პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ და ის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

„მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განპირობებულია სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ თანადგომით და ჰუმანიზმის პრინციპით, თუმცა თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული აქტი ერთჯერადია და ის სისტემატიურ ხასიათს ვერ მიიღებს. აღნიშნული დადგენილების ამოქმედების შემდეგ, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს კონტრაქტის უმიზეზოდ შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლო დაეკისრებათ, რომელიც მყისიერად აღსასრულებლად მიექცევა. ამავე დადგენილებით, სამხედრო მოსამსახურის მიერ უმიზეზოდ კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნება ერთიდან სამი თვის ვადაში“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...