სანდრა რულოვსი: ივანიშვილს ან მოწამლავენ, ან მოკლავენ, ან დაიკარგება

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. მისი განცხადებით, მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი უნდა დაიწყოს და ამით გიორგი გახარიას გაპრემიერება უნდა გააპროტესტონ. რულოვსის აზრით, მთავრობის მეთაურად გიორგი გახარიას დანიშვნა რუსეთის დაკვეთაა.

“ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი, რომ გახარია უნდა დაინიშნოს პრემიერმინისტრად. ბიძინა უკვე ზედმეტია. რაც უნდოდა რუსეთს, ის მიიღო – მათი კაცი უკვე არის კაბინეტის უფროსი, შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, თუნდაც რუსეთთან ანექსია.

დამიჯერეთ, რომ ბიძინას მოიშორებენ ესენი მალე და თვითონ ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია. ან მოწამლავენ, ან მოკლავენ, ან დაიკარგება – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ბიძინას თუ კიდევ აქვს 1% მაინც დარჩენილი ჯანსაღი აზროვნება, მაშინ გახარია არ უნდა დანიშნოს. ჩვენ არაფერი გვრჩება, გარდა პროტესტისა.

უნდა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს, რომ ამ კაცის დანიშვნა ხდება დიდი სახალხო პროტესტის ფონზე. ასე თუ იწყებს პრემიერი თავის მოღვაწეობას, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. მე ვფიქრობ, რომ წელს უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, თორემ 2020 წელს გვიან იქნება”,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“. აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვის მანძილზე მოსახლეობის ნაწილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავდა.

20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

www.imedinews.ge

Comments
Loading...