„საპატრულო სამსახურს ბექა ხახუბიას მამამ დაურეკა და მანქანის ნომრები გადასცა“

21 წლის ბექა ხახუბია, რომელიც 17 მაისს, გორის ავტობანზე სატვირთო ავტომანქანაზე შეჯახებისას დაიღუპა, ტრაგედიამდე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში წერს, შვილის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია საპატრულო პოლიციას თავად დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ მიაწოდა.
როგორც ხახუბიების მეზობელი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, ბექა ხახუბია ავტოკატასტროფამდე მეგობრებთან გვიანობამდე ქეიფობდა. მისივე თქმით, გამთენიისას ახალგაზრდა ბიჭმა ფოთში გამგზავრება გადაწყვიტა, რასაც მამა შეეწინააღმდეგა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მშობლის წინააღმდეგობისა, ბექა საკუთარი ავტომანქანით თბილისიდან ფოთში გაემგზავრა.
„ბექა კარგი ბიჭი იყო, შეხვედრისას აუცილებლად მოგვიკითხავდა ხოლმე. მანქანა, როგორც ყველა ახალგაზრდას, მასაც უყვარდა. როგორც ამბობენ, ბექა იმ ღამით მეგობრებთან ერთად გვიანობამდე ქეიფობდა. ჯერაც გამოუფხიზლებელს დილით აუჩემებია, გინდა თუ არა, ფოთში უნდა წავიდეო, ნასვამ შვილს სასიკვდილოდ, აბა, რომელი მამა და ოჯახი გაუშვებს. ირაკლი შეწინააღმდეგებია, ვერსად ვერ წახვალო, მაგრამ ბექამ თავისი გაიტანა და წავიდა. მამამისმა საპატრულო სამსახურს დაურეკა და ბექას მანქანის ნომრები გადასცა, რომ გაეჩერებინათ. პოლიციამაც, როგორც ჩანს, ზომები მიიღო. სავარაუდოდ, მათ ნიშანზე ბექა არ გაჩერდა და იძულებული გახდნენ, გზა გორის ავტობანზე ტრაილერით გადაეკეტათ. ალბათ, იფიქრეს, ბიჭი ტრაილერს დაინახავს და გაჩერდებაო, მაგრამ ….“ – ამბობს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ხახუბიას ოჯახის ერთ-ერთი მეზობელი, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

18581504_1695635030461811_6931880119630962401_n-225x300

წყარო: http://kvira.ge

Comments
Loading...