საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

მარგველაშვილის განცხადებით,ის საპრეზიდენტო არჩევნების 2018 წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარების თაობაზე მთავრობას დღესვე მიმართავს.

გიორგი მარგველაშვილს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა მომავალ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატი. მისი თქმით, 5 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყნის ამომრჩევლები დაბნეულიყვნენ. ასევე, მან აღნიშნა, რომ დაბნეულები არამხოლოდ ამომრჩევლები არიან, არამედ პოლიტიკური სპექტრიც.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას 2013 წლის 27 ოქტომბრიდან იკავებს. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ინაუგურაციის შემდეგ, იმავე წლის 17 ნოემბერს შეუდგა. 2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 62,18 პროცენტით. მისი წარსული დაკავშირებულია პოლიტიკასთან, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეერთებამდე, გიორგი მარგველაშვილი ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური ექსპერტი. მას ათ წელზე მეტ ხანს ეკავა სხვადასხვა, მათ შორის, რექტორის თანამდებობა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

 

Comments
Loading...