სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად მოეპყრო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ  უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. მუსლიმი თემის სარჩელი „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ დღეს, 30 სექტემბერს დასრულდა.

სასამართლომ სარჩელის მესამე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას.

“ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა მოსამართლემ.

მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დისკრიმინაციულ მოპყრობა მხოლოდ ამ კონკრეტული აქტის გამოცემის დროს დაინახა სასამართლომ და ეს არაა ზოგადად მუნიციპალიტეტის, ან სახელმწიფოს სისტემური დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ მიუთითა, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად სამი სტადიის გავლა საჭირო, ნებართვას კი ბათუმის მერია გასცემს.

“სასამართლო არ არის ის ორგანო, რომელიც გასცემს ამ აქტებს… არ იქნება სწორი ინტერპრეტირება, რომ სასამართლომ გასცა ნებართვა, ან არ გასცა. სასამართლო ამოწმებს ეს აქტები კანონიერია, თუ კანონშეუსაბამო,” – დასძინა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ამ საკითხის “იდეალური გადაწყვეტა” მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

მოსამართლემ ხაზი გაუსვა სარჩელში მითითებულ ფაქტსაც – ზონა, სადაც მუსლიმი თემი მეჩეთის აგებას ითხოვს, 7 ეკლესიაა და მერიას ამ მშენებლობებისთვის ხელი არ შეუშლია.

“უსაფუძვლო იქნება იმის მტკიცება, რომ მუნიციპალიტეტი თანაბრად ეპყრობა ორივე რელიგიის წარმომადგენლებს,” – დასძინა მოსამართლემ.

მოსამართლის გადაწყვეტილების მოსასმენად მერიის წარმომადგენელი არ მოსულა.

www.batumelebi.ge

Comments
Loading...