სასტუმროების ქსელი Hilton Worldwide, კრიზისის გამო, 2 100 თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს

ამერიკული კომპანია Hilton Worldwide, რომელიც ათობით ქვეყანაში სასტუმროების ქსელს ფლობს, კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, დაახლოებით 2.1 ათას თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ქსელის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პანდემია ”უპრეცედენტო პრობლემებს უქმნის” ტურიზმის ინდუსტრიას. ხარჯების შემცირების მიზნით, ჰილტონის მენეჯმენტი აპირებს, რომ დაახლოებით 2 100 თანამშრომელი გაათავისუფლოს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. გარდა ამისა, ადრეშემოღებული ზომები გაგრძელდება 90 დღის განმავლობაში, მათ შორის, თანამშრომელთა ნაწილის უხელფასო შვებულებაში გაშვება, სამუშაო საათებისა და ანაზღაურების შემცირება.

”ჰილტონის 101 წლიან ისტორიაში არცერთხელ  ჰქონია ჩვენს ინდუსტრიას ისეთი გლობალური კრიზისი, რომლის დროსაც ხალხმა თითქმის შეაჩერა მოგზაურობა,” – თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 430 ათასზე მეტი გარდაიცვალა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, რომელიც გამოთვლებს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს, შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციის 2.1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 116 ათასზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

Comments
Loading...