საუდის არაბეთში, გასულ 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 4 000 ადამიანს

საუდის არაბეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობამ, ერთი დღე-ღამის განმავლობაში, პირველად გადააჭარბა 4 ათასს.

სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, სამეფოში 4 233 ინფიცირებული გამოვლინდა. სულ, საუდის არაბეთში დაფიქსირდა COVID-19 ინფექციის 127 541 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 84 720 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი 972.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით, საუდის არაბეთი კვლავ პირველ ადგილზეა არაბულ ქვეყნებს შორის. მაისის ბოლოს ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შემზღუდავი ზომების შემსუბუქებას იწყებს, მათ შორის გაუქმდა კომენდანტის საათი მთელ ქვეყანაში, გაიხსნა მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, განახლდა პარასკევის ლოცვები მეჩეთებში.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსული დაავადება, COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში გამოვლენილია ინფექციის 7,5 მილიონზე მეტი შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 423 ათასზე მეტი ადამიანი.

Comments
Loading...