საუკუნეების განმავლობაში პირველად მსოფლიოს მოსახლეობა კლებას დაიწყებს — კვლევა

თანამედროვე ისტორიაში პირველად მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ მომდევნო 45 წლის განმავლობაში შემცირება შეიძლება დაიწყოს. ამას კი "საკაცობრიო ცივილიზაციის ისტორიაში რევოლუციის" შეტანა შეუძლია, რაც რიგით ადამიანთა ცხოვრების წესსაც მნიშვნელოვნად შეცვლის.

დღეისთვის ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 7.8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ჟურნალში Lancet გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ეს რიცხვი მომდევნო რამდენიმე ათწლეული ზრდას განაგრძობს და პიკს 2064 წელს მიაღწევს, როცა მოსახლეობა დაახლოებით 9.7 მილიარდს გაუტოლდება. ამის შემდეგ კი მონაცემი დაბლა სვლას დაიწყებს და 2100 წლისთვის 8.8 მილიარდი გახდება.

“ბოლოს, როცა მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვმა დაიწია, მეთოთხმეტე საუკუნე იყო და ამის მიზეზი შავი ჭირი გახდა. თუ ჩვენი პროგნოზი ზუსტია, კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოსახლეობის კლების მიზეზი შობადობის მაჩვენებლის შემცირება გახდება და არა — პანდემიის ან შიმშილობის მსგავსი მოვლენები”, — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი, პროფესორი სტაინ ემილ ვოლსეტი.

შედეგად, 23-მდე ისეთ ქვეყანაში, სადაც უკვე დღეს აღინიშნება შობადობის დაბალი დონე და მოხუცებულები პროცენტულად მოსახლეობის სულ უფრო მეტ წილს შეადგენენ, ადამიანთა რაოდენობა 50 პროცენტზე მეტით შემცირდება. მსგავსი ქვეყნების ჩამონათვალშია იაპონია, ტაილანდი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სამხრეთ კორეა. ჩინეთშიც კი, რომელიც ხშირად მოუთოკავად მზარდ მოსახლეობასთან ასოცირდება, ამ პროგნოზის თანახმად, 2100 წლისთვის ადამიანთა რაოდენობა 1.4 მილიარდიდან 732 მილიონამდე დავა. თუმცა, სამყაროს ზოგიერთ ნაწილში — ჩრდილოეთ აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და სუბსაჰარულ აფრიკაში, პირიქით, მოსახლეობის მატებაა პროგნოზირებული.

ამ დასკვნების გამოსატანად ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა 2017 წელს გამოქვეყნებული ავადმყოფობათა გლობალური ტვირთის კვლევა გააანალიზეს, რათა ენახათ, მომდევნო 80 წლის განმავლობაში რა გავლენას მოახდენდა მსოფლიოს მოსახლეობაზე სიკვდილიანობის, შობადობის და მიგრაციის ტენდენციები. ანალიზში ასევე გათვალისწინებულია შესაძლო ომების, ბუნებრივი კატასტროფებისა და კლიმატის ცვლილების ეფექტები პლანეტის სხვადასხვა რეგიონზე.

მსგავსი ცვლილებების უკან მრავალი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი დგას. თუმცა მთავარი განმსაზღვრელი მაინც შობადობის კლების ტენდენციაა, რაც, თავის მხრივ, ქალებისთვის განათლებაზე და კონტრაცეპტივებზე მეტი ხელმისაწვდომობითაა განპირობებული.

სწორედ ამ მიზეზთა გამო პროგნოზის თანახმად, შობადობის მსოფლიო მაჩვენებელი მუდმივ კლებას განაგრძობს და თუ ის 2017 წელს 2.37 იყო, 2100 წლისთვის 1.66 გახდება, რაც მოსახლეობის არსებული რაოდენობის შესანარჩუნებლად საკმარისი არაა (ამისათვის, ერთ ქალზე საშუალოდ 2.1 შვილი უნდა მოდიოდეს).

მსგავს დემოგრაფიულ ცვლილებებს გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსში რადიკალური ძვრების გამოწვევა შეუძლია, რაც მილიარდობით ადამიანის ცხოვრების წესზე უშუალოდ აისახება. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება სამუშაო ასაკის მქონე ადამიანთა რიცხვის შემცირებით იქნება გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, ქვეყნების ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას.

ჯერ ვერავინ იტყვის დანამდვილებით, რომელი ქვეყნები მოექცევიან გავლენიან სახელმწიფოთა რიცხვში, თუმცა მკვლევრები პროგნოზირებენ, რომ ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით აშშ-ს 2035 წლისთვის გადაუსწრებს და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს დაიკავებს. თუმცა, იმავე პროგნოზის თანახმად, აშშ პირველობას 2098 წლისთვის დაიბრუნებს.

“ოცდამეერთე საუკუნეში საკაცობრიო ცივილიზაციის ისტორიაში რეცოლუციის მომსწრენი გავხდებით. მომავალს აფრიკა და არაბული სამყარო განსაზღვრავს, ხოლო ევროპისა და აზიის გავლენა მოიკლებს. საუკუნის მიწურულს მსოფლიო მულტიპოლარული გახდება და მთავარი ძალაუფლება ინდოეთის, ნიგერიის, ჩინეთის და აშშ-ის ხელში მოექცევა.

ეს მართლაც ახალი სამყარო იქნება და მისთვის მზადება დღეიდანვე უნდა დავიწყოთ”.

დოქტორი რიჩარდ ჰორტონი, Lancet-ის მთავარი რედაქტორი

ახალი კვლევის ავტორები ასევე ამტკიცებენ, რომ სამყარომ მიგრაციაზე შეხედულება უნდა შეიცვალოს. მართალია, გასულ ათწლეულებში მრავალ ქვეყანაში ნაციონალისტური სენტიმენტენის მქონე მმართველები მოვიდნენ და მიგრანტების მიმართ აგრესია სულ უფრო იზრდება, ანგარიშის მიხედვით, ბევრ სახელმწიფოს მოუწევს მეტად ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის დანერგვა, რათა მოსახლეობის რიცხვი შეინარჩუნოს და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა არ დაყოვნდეს.

“ჯანდაცვასა და ეკონომიკაზე მიგრაციის დადებითი გავლენა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. არჩევანი, რომლის წინაშეც ვდგავართ, გადის იმაზე, გეგმიურ მიგრაციას ჩვენი ჯანმრთელობის და შემოსავლის გაუმჯობესების უფლებას მივცემთ თუ იმპორტირებულ და უკლასო მუშახელსა და არასტაბილურ საზოგადოებაში ცხოვრებას დავჯერდებით”, — აღნიშნავენ კვლევის ავტორები, — “სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის თანაბარ გადანაწილებაზე იქნება დამოკიდებული, კაცობრიობას ნათელი მომავალი ელის თუ ბნელი”.

 

წყარო : On.ge

Comments
Loading...