საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 10 ივლისამდე გახანგრძლივდება

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო სანიტარული მდგომარეობა 10 ივლისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატა) მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

“ერთობლივ პარიტეტულ კომიტეტში დეპუტატებსა და სენატორებს შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ამ დოკუმენტს ხმა მისცეს სენატში (პარლამენტის ზედა პალატა). წარდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა 252-მა პარლამენტარმა, 87 კი წინააღმდეგი იყო.

ორთვიანი საგანგებო სანიტარული მდგომარეობა საფრანგეთში 24 მარტს ამოქმედდა. დოკუმენტის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში, მთავრობას უფლება აქვს, სპეციალური ბრძანებულებების გამოცემით, პარლამენტთან კონსულტაციის გარეშე, შეზღუდოს საზოგადოებრივი თავისუფლებები, მათ შორის, გადაადგილების აკრძალვები, დახუროს საწარმოთა გარკვეული ჯგუფები, აკონტროლოს საქონლისა და მომსახურების ფასები  და სხვა.

მიღებული კანონის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლებას შეუძლია დააწესოს სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო რეჟიმი საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ყველა პირზე, მათ შორის,კორსიკაზე. ასევე დასაჯოს ის პირები, რომლებიც დაარღვევენ დაწესებულ ზომებს. დამტკიცებულ ტექსტში ნათქვამია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იღებს უფლებას, გამოსცეს განკარგულებები “ადამიანების ან მანქანების გადაადგილების რეგულირების, ან აკრძალვის შესახებ, დროებით დახუროს საზოგადოებრივი დაწესებულებები, მოითხოვოს ყველა საჭირო საქონელი, რაც საჭიროა სანიტარული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.”

Comments
Loading...