სკოლაში ბიჭებს სახლის საქმეებს ასწავლიან

კერვა, დაუთოება, საჭმლის მომზადება – ამ ყველაფერს ძირითადად სახლში სწავლობენ. მაგრამ სხვა შემთხვევაა, როცა ასეთ “კლასებს” სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაკვეთილებს ბიჭები ესწრებიან. ამ გაკვეთილებზე ბიჭები ანგრევენ სტერეოტიპებს, რომლებიც გენდერთან დაკავშირებით ბევრს ღრმად აქვს გამჯდარი.

ეს ესპანეთის მონტეკასტელოს სკოლაა, რომლის ლოზუნგიცაა: “თანასწორობა ისწავლება მოქმედებებით”. გაკვეთილებს მოხალისეები ატარებენ, რომელთა ნაწილიც თავად სტუდენტების მშობლები არიან, ხანდახან მამებიც კი. როგორც დაწესებულების კოორდინატორი გაბრიელ ბრავო განმარტავს, ეს გაკვეთილები მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლოა:

“მომავალში როდესაც ისინი შექმნიან ოჯახს, კარგად ექნებათ გაცნობიერებული, რომ სახლის მოვლა მხოლოდ ცოლის საქმე არ არის. ეს კი თანაცხოვრებას გაუადვილებთ”

ასეთი კლასების შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა სკოლის ადმინისტრაცია გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის გზებს ეძებდა. თავიდან იდეის გამო, მოსწავლეებს და მშობლებსაც დისკომფორტი გაუჩნდათ. თუმცა, როცა ამ იდეის განხორციელებაში ყველა ჩაერთო და კლასშიც ყველა თანაბრად ასრულებდა დავალებებს, გაკვეთილები საინტერესოც კი გახდა.

“ზოგს აქ პირველად ჰქონდა შეხება უთოსთან, ძალიან ერთობიან, მშობლები კი კმაყოფილები არიან,” – აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.

წყარო: www.fortuna.ge

Comments
Loading...