სომხეთის მთავრობამ ავტომაგისტრალის მშენებელ ჩინურ „სინოჰიდროს“, რომელიც საქართველოს გზებსაც აშენებს, ინჟინრების შეცვლა მოსთხოვა

ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ სომხეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილს აშენებს – მაგისტრალის ტალინ-ლანჯიკის და ლანჯიკი-გიუმრი-ტრანშა 3“-ის მონაკვეთებზე გზის მშენებლობის ბევრი ხარვეზი დაფიქსირდა, რომლის გამოსწორებასაც სომხეთის მთავრობა დროის მოკლე მონაკვეთში ითხოვს.

„სინოჰოდროს“ საქართველოში ცენტრალური ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი აქვს აშენებული და ამჟამად სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის ნაწილს აშენებს.

გზის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაცია ითხოვს ბეტონის საფარის დაგებამდე, მაგისტრალის ყველა მონაკვეთზე გასწორდეს დაშვებული შეცდომები და მიწის საფარი სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდეს. მინისტრმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა „სინოჰიდრო“, რომ ხარისხის გამოსწორებამდე კომპანიას სამუშაოს სხვა ეტაპზე გადასვლის საშუალებას არ მისცემენ.

სომხეთის მთავრობა მოუწოდებს ჩინურ კომპანიას, შეცვალონ ინჟინერ-სპეციალისტების ჯგუფი და უფრო კომპეტენტური სპეციალისტები ჩართონ მშენებლობაში.

სომხური მხარე იძულებული გახდა, მოეწვია გერმანელი ინჟინრები, რომლებიც გზის საფარის ხარისხს და დაგების ტექნოლოგიას გააკონტროლებენ. ვაჰან მარტიროსიანმა „სინოჰიდროს“ წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ გერმანელი სპეციალისტების დასკვნის გარეშე ბეტონის საფარის დაგება არ გაეგრძელებინათ.

წყარო: panorama.am

Comments
Loading...